ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და
პუბლიცისტი სილოვან ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს სოფ. კალაგონში
(დღევანდელი ჩოხატაურის რაიონი) მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში.
1880 წელს
სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880 წლებში
მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის
“სამშობლო” ოთხი ნომერი. 1884 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი, სადაც სილ. ხუნდაძე ისმენდა
გამოჩენილი მეცნიერების პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით
ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვათა ლექციებს.
ჯერ კიდევ
უნივერსიტეტში სწავლისას, თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი “ისტორიული
კილო გრ. ორბელიანის ლექსებში” მან გამოაქვეყნა ჟურნალის “ივერია” 1882
წლის მე-12 ნომერში.
პეტერბურგიდან სამშობლოში
დაბრუნებისთანავე, 1884 წლის შემოდგომაზე, სილ. ხუნდაძე შეუდგა
მრავალწლიან, უაღრესად ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
აღნიშნული წლის დამლევიდან 1888 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის
ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული
სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის
შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1880-იანი წლების
დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების ნამდვილ წევრად.
1900 წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის
იოსებ ოცხელის (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით
შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო
გიმნაზიის დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული
გიმნაზია. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს
სასწავლებელი წარმოადგენდა ქართული ეროვნული საშუალო განათლების
უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ
ოცხელი, ხოლო ინსპექტორად – სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო
დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა. მის
აღზრდილთა შორის ბევრი იყო შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე. მათგან
საკმარისია დავასახელოთ მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი გიორგი
ახვლედიანი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე, აკადემიკოსი კონსტანტინე
ერისთავი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე,
აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი, აკადემიკოსი
გიორგი წერეთელი, პროფესორი ალექსანდრე წერეთელი, მწერალი-აკადემიკოსი
კონსტანტინე გამსახურდია, აკადემიკოსი ვარლამ თოფურია, პროფესორი ვიქტორ
ნოზაძე და სხვანი.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე არჩეულ იქნა
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად.
1913 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება.
1916 წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი-ს ერთ-ერთი
ფუძემდებელი. გარდა ამისა, 1910 წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა
გამომცემლობა “მერანი”, რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი
სახელმძღვანელო.
1907 წელს სილოვან ხუნდაძე უდიდესი
მწუხარებით გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძეს, რომელთანაც აკავშირებდა ხანგრძლივი
ურთიერთობა. “საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ
მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და
გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი
მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ
უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო,
შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი
გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს,
თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო! გონს მოდი,
გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე! გარეშე მტრებმა ვერ შეძლეს შენი
დამონება, შენი შერცხვენა. მხოლოდ შინაური მტრები შეიქნენ შენი
შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: “მოყვარე,
მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია”-ო!”- აღნიშნა თავის გამოსათხოვარ
სიტყვაში სახელოვანმა პედაგოგმა და მამულიშვილმა. ილიას ხსოვნას მიეძღვნა
იმავე წელს ქუთაისში გამოცემული მისი ნაშრომები “ილია ჭავჭავაძის
სახსოვრად” და “მკვლელები და მცველები”.
1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქმა
ქუთაისის ქართული გიმნაზიის შესამოწმებლად მიავლინა თავისი ინსპექტორი,
ქართველი ერის მოძულე, ვინმე კორიცკი. მას არ მოეწონა გამოსაშვებ
გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და “ატესტატების სიმცირის” ყალბი
საბაბით გადაწყვიტა მათი რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. გიმნაზიის
პედაგოგები, პირველყოვლისა – იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე, აღაშფოთა
რუსი მოხელის თვითნებობამ. მეორე დღეს კორიცკის სამასწავლებლოში სილოვან
ხუნდაძე დახვდა. კორიცკის გამარჯობის ნიშნად გაწვდილი ხელი ჰაერში შერჩა…
“ხეპრე თავი მეტის-მეტად მაღლა აგიწევიათ! ახალგაზრდობა ჩვენი უპირველესი
საზრუნავია და საფიქრალი. მათ მსხვერპლად ვერასგზით ვერ შემოგწირავთ. ასეთ
ატესტატებს არაფრად ვსაჭიროებთ და საერთოდ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქ
შეგიძლიათ მიბრუნდეთ”-ო, მიუგო სილოვანმა კორიცკის. ეს უთანხმოება გახდა
გიმნაზიიდან მისი დათხოვნის მიზეზი. იგი გიმნაზიას დაუბრუნდა მხოლოდ 1916
წლის დამლევს.
1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული
სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა
თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები.
კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა “თბილისის
უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება”.
1919 წელს, იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ, სილოვან ხუნდაძემ გიმნაზიას 1923 წლამდე უხელმძღვანელა.
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1928 წლის 12 მაისს. იგი განისვენებს ქუთაისის "მწვანეყვავილას" მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში.