ძვირფასო  მეგობრებო!

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საპატიო ადგილი უჭირავს. სკოლის დაარსების ისტორია და მის ველში სხვადასხვა დროს აღზრდილი ცნობილი ადამიანების ღვაწლი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, როგორც პედაგოგიურ კოლექტივს, ასევე თითოეულ აღსაზრდელს.

აღზრდა კულტურისა და ცოდნის გადაცემის რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენი სკოლის ცხოვრება სასწავლო პროცესის პარალელურად გამდიდრებულია კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით, რაც საუკეთესო საშუალებაა ცოდნის მიღებისა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მათი მიღწევები სხვადასხვა კონფერენციებსა თუ კონკურსებში მუდმივად ამრავალფეროვნებს და ახალისებს სასწავლო პროცესს. ისინი განუწყვეტლივ ზრუნავენ ჩვენს აღსაზრდელებს შეუქმნან სწავლისათვის მაღალი მოტივაცია, განვითარდნენ ზნეობრივად და ფიზიკურად.

თანამედროვე სამყაროში მომავალი თაობების თვითდამკვიდრებისათვის უცხო ენების ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ჩვენთან სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულია, როგორც ინგლისური, ასევე ფრანგული და გერმანული ენების შესწავლა.

განუზომლად დიდია სიხარული, როდესაც საგნობრივ ოლიმპიადებსა თუ სხვადასხვა კონკურსებში იმარჯვებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. მსგავსი შემთხვევები არაიშვიათია. მშობლებთან ერთად ვიზიარებთ აღსაზრდელების ნიჭიერებით გამოწვეულ ემოციას და კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის ვამზადებთ მათ.

მოსწავლეთა თვითმართველობა და სამეურვეო საბჭო აქტიურადაა ჩართული სკოლის ცხოვრებაში.  ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სკოლის თვითმმართველობის აქტიური თანამშრომლობა საერთო მიზნის მიღწევის მიზნით.

ჩვენი სკოლის სამომავლო გეგმები საინტერესო და მრავალფეროვანია. მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ვგეგმავთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. უახლოეს მომავალში ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, ვემზადებით უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან დამეგობრების, ასევე, საერთაშორისო პროგრამებსა თუ პროექტებში მონაწილეობისათვის.

საგანმანთლებლო სივრცეში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, კიდევ ერთი ახალი გამოწვევა მივიღე. იოსებ ოცხელის სახელობის ასოცდათხუთმეტწლიან სასწავლო კერას ახლახანს ჩავუდექი სათავეში. ვფიქრობ, ჩემი და პედაგოგიური კოლექტივის გულწრფელი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. სკოლის ძლიერ და საამაყო მემკვიდრეობას კვლავაც შეემატებიან ღირსეული და სახელწიფოებრივად მოაზროვნე ახალი თაობის მოქალაქეები.

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,

მურად ჯიშკარიანი