სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლას საინტერესო ისტორა აქვს. იგი გამორჩეული კულტურული და საგანმანათლებლო კერაა, რომელიც დაარსების დღიდან მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას ემსახურება.
1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით, ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რომელიც 1905 წელს გიმნაზიად გადაკეთდა, რომელსაც სათავეში 1901 ედგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე - იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მის სახლთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა.
ქუთაისისიდან გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის დახმარებით, გიმნაზიისათვის შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შესყივა მოხერხდა.1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ.
რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დროს, გიმნაზია ეროვნულ ინტერესებს აღვივებდა იმდროინდელ ახალგაზრდობაში. ი. ოცხელი, ს. ხუნდძე და სხვა პედაგოგები აქტიურად იბრძოდნენ მოსწავლეებში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალების დამკვიდრებისთვის. შესაბამისად, გიმნაზიის აღმზრდელები და აღსაზრდელები იცავდნენ ქართველი ერის ღირსებას. გიმნაზიის მოსწავლის, კონსტანტინე გამსახურდიას თაოსნობით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გიმნაზიაში შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ცხრა მუხა”, რომელშიც ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები იყვნენ გაერთიანებული.
გიმნაზიის პედაგოგებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული სკოლისათვის სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში. ი. ოცხელის ინიციატივით შექმნილ გამომცემლობა ”განათლებაში” დაიბეჭდა ს. ხუნდაძის ”ქართული ქრესტომათია”, ”ქართული ენის გრამატიკა”, ასევ, დ. უზნაძის ”ძველი საბერძნეთი”, ”ძველი რომი”, ი. ოცხელის ”არითმეტიკა” და სხვები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სკოლას სტუმრობდნენ ვაჟა-ფშაველა, ი. გოგებაშვილი, ხოლო მოგვიანებით კ. გამსახურდია.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გიმნაზიის სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა. 1954 წლიდან მას ეწოდა ა. წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა, 1995 წლიდან დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახელი - ეროვნული გიმნაზია, 2007 წლიდან კი იწოდება ი. ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლად.
სასწავლებელი ყოველთვის ითვლებოდა მნიშვნელოვან საგანამანათლებლო კერად. 1960 წელს გიმნაზიის დაარსებიდან 80 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ამ პერიოდში სკოლას ხელმძღვანელობდა ცნობილი პედაგოგი ი. გენძეხაძე. ზეიმის დღეებში გიმნაზიის აღზრდილებმა სკოლის ეზოში დადგეს ი. ოცხელისა და ს. ხუნდაძის ძეგლები (არქიტ. ტ. სიხარულიძე), მათი ნეშთები გადაასვენეს ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1980 წელს სკოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა შენობის კაპიტალური რემონტი, აშენდა სპორტული დარბაზი. აღნიშნულ პერიოდში სასწავლებელს ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი პედაგოგი ა. სანდუხაძე, რომელიც 21 წლის განმავლობაში სკოლის მრავალი წარმატების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო.
სასწავლებელში დაარსების დღიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ მაღალი ინტელექტის მქონე პედაგოგები: ი. ოცხელი, ს. ხუნდაძე, დ. უზნაძე, ალ. ჯანელიძე, ალ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, ჯ. ჯორჯიკია, ი. ეკალაძე, ევ. მიქელაძე და სხვა. მათი ღვაწლით აღიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები: არნ. ჩიქობავა, გ. წერეთელი, კ. გამსახურდია, ვ ნოზაძე, დ. ლორთქიფანიძე, უ. ობოლაძე, ა. ფაღავა, ვ. თოფურია, ტრ. ხუნდაძე, ა. ვასაძე, ნ. შენგელაია, დია ჩიანელი და სხვები.
სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და სასახელოდ აგრძელებენ 130 წლის სასწავლებლის მდიდარ ტრადიციებს.
სკოლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძვლესია ქუთაისში. იგი ს. ხუნდაძემ დაარსა 1884 წელს. ბიბლიოთეკას აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი, მათ შორის 300-მდე წიგნი მე-19 საუკუნის 60-90-იან წლებშია დაბეჭდილი რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ლათინურ ენებზე.
დიდი ეროვნული ტრადიციების მქონე ჩვენი სკოლა დღესაც აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.