1890 წლის 12 ივლისს კავკასიის სამოსწავლო ოლქმა ქართული სკოლების საგაკვეთილო ცხრილებიდან ქართული ენა ამოიღო. მეფის მთავრობა არასაიმედოდ თვლიდა ქართველ მღვდელთმსახურებს, რომლებიც წირვა-ლოცვას ქართულ ენაზე ასრულებდნენ. მეფის რუსეთის წარმომადგენელი სამხედრო გუბერნატორი 1899 წელს ერთ-ერთ საიდუმლო მოხსენებაში წერდა, რომ სასწრაფოდ უნდა შეწყვეტილიყო ეკლესიებში ქართულ ენაზე მსახურება, რადგან მშობლიური ენის დამცველთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა.
ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლის დირექტორმა შეადგინა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ითვალისიწინებდა რუსული ენის სწავლებას ქართულ ენაზე საუბრის მოსმენის გარეშე (ე.წ. „მუნჯური მეთოდი“). აღნიშნული სახელმძღვანელო ვრცელდებოდა ი. გოგებაშვილის წიგნის ნაცვლად, რომელშიც რუსულ ენას ქათული ენის საშუალებით შეასწავლიდა მოზარდებს.
აღნიშნული მტრული პოლიტიკის წინააღმდეგ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრელებელი საზოგადოების“ წევრები ილაშქრებდნენ. ქუთაისის გიმნაზიის და მასზედ დაქვემდებარებული სენაკის ქართული სკოლის მესვეურები იბრძოდნენ ქართული ენის სიწმინდის დასაცავად.
ქართულ ენაზე სწავლების საფუძველს ბუნებრივია ქმნიდა ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოები. იმ დროისათვის ქართულ სკოლებს ქართულ ენაზე სწავლების წარმართვის უფლება არ ჰქონდათ. მთავრობის სპეციალური განკარგულებით, ოცხელის გიმნაზიასა და ძველი სენაკის სკოლაში გახსნილ გიმნაზიის პარალელურ კლასებში მიმდინარეობდა სწავლა-განათლება ქართულ ენაზე.
სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, 1915 წელს დადგინდა, რომ ქართულ ენაზე არსებული სახელმძღვანელოების სიმწირის გამო, აუცილებელი იყო თარგმნილი სახელმძღვანელოებისა თუ საკითხავი ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემა.
იოსებ ოცხელის რჩევით და ინიციატივით დაარსდა გამომცემლობა ‘’განთიადი“, სადაც მოკლე დროში გიმნაზიის მოსწავლეებისათვის საკმარისი ქართულენოვანი სახელმძღვანელო დაიბეჭდა.
გამომცემლობა „განათლებაში“ გამოიცა სილოვან ხუნდაძის „ქართული ქრესტომათია“ (I, II, III, IV , V ნაკვეთები) და „ქართული ენის გრამატიკა“, დიმიტრი უზნაძის „ძველი საბერძნეთი“ და „ძველი რომი“, სიმონ ქვარიანის „საქართველოს ისტორია“, იოსებ ოცხელის „არითმეტიკა“, ი. და ს. ოცხელების „ალგებრა“, „გეოგრაფია“, „ტრიგონომეტრია“ და „ფიზიკა“, მიხეილ ჩინჩალაძის „ ლათინური ენა“, „ბუნება“, „გერმანული ენა“ და სხვა.
ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოების სისუსტე ქართული ტერმინოლოგები იყო. იოსებ ოცხელის თაოსნობით, გიმნაზიის პედაგოგებისაგან შედგა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ქართულ ენის მეცნიერული ტერმინოლოგიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ ოოსებ ოცხელის ოჯახი ქართული პედაგოგიური ლიტერატურის გამოცემის კერად იქცა. მის სახლში იკრიბებოდნენ მთარგმნელები და მწერლები, იქვე სწორდებოდა ნათარგმნი ლიტერატურა, არჩევდნენ კლიშეებს.
საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოებში იოსებ ოცხელი იყენებდა იაკობ გოგებაშვილის ძირითად პრინციპებს. მას კარგად ესმოდა სახელმძღვანელოს დანიშნულება. „გუთნის"
წინასიტყვაობაში იოსებ ოცხელი წერდა: „ჩვენი განზრახვა იყო ქართველთა ოჯახისა და სკოლისათვის ისეთი სახელმძღვანელო მიგვეწოდებინა, რომ მას შეძლებოდა: „1. განევითარებინა მოზარდის გონება ცხოვრებისა და ბუნების გაცნობით; 2. აღეძრა და განემტკიცებინა მათ გულსა და გონებაში უძვირფასესი კაცობრიული გრძნობები: სიყვარული, ძმობა, სიბრალული, თანაგრძნობა ცხოვრებისაგან დაჩაგრულთა და უბედურებასა და ტანჯვაში ჩავარდნილთა მიმართ; 3. მიეცა მათთვის იმ მოვალეობების შეგნება, რომ გულწრფელად ემსახურონ თავის სამშობლოს, საზოგადოებას და შეძლებისამებრ, მთელს კაცობრიობას; 4. შთაენერგა მათში პატვისცემა და სიყვარული პატიოსანი შრომისა და მშრომელების მიმართ; 5. მოემზადებინა მოზარდთა გონება სწორ და მტკიცე ლოგიკურ აზროვნებისადმი, რომ მათ სცოდნოდათ აზრთა სისწორით გაგება, შეთვისება და ლოგიკური თანმიმდევობით და შეკავშირებით გადაცემა, ჯეროვანი სისწორით განზოგადება და დასკვნა“.
ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების ნაშრომებიც გამოიცემოდა მცირე ბროშურების სახით. ისინი დღესაც დაცულია იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.
იოსებ ოცხელის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა წიგნების სავაჭრო ადგილი, სადაც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოები.