2010 წელი, 17 ნოემბერი

ი. ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი პატივისცემით და მოკრძალებით იხსენებს ბატონ ალექსანდრე სანდუხაძეს, ადამიანს, რომელიც 21 წლის მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობით, ღირსებითა და პატიოსნებით თავკაცობდა მე–2 სკოლას და იყო მრავალის წარმატების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი.

ბატონი ალექსადრე, განათლებით ისტორიკოსი და მოღვაწეობით პედაგოგი, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მსახურა საყვარელ საქმეს და საამაყოდ გაიარა მასწავლებლის ცხოვრების რთული გზა. ასე მოიპოვა მან უდიდესი ავტორიტეტი, სიყვარული და პატივისცემა, როგორც კოლეგებისგან ასევე მოზარდთა ბევრზე ბევრი თაობისგან.

თავისი პროფესიონალიზმით ბატონმა ალექსანდრემ ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი იმ დიდებულ პიროვნებათა შორის, რომლებიც თავდადებული შრომით, საქმის სიყვარულითა და ერთგულებით ქმნიდნენ ჩვენი უძველესი სასწავლებლის ისტორიას.

2010 წლის 17 ნოემბერს ბატონ ალექსანდრეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. ი. ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის დღევანდელი კოლექტივი უღრმესი პატივისცემით და მადლიერებით იხსენებს სახელგანთქმულ პედაგოგს იმ ამაგისათვის, რომელიც მან დასდო ჩვენ სასწავლებელს. ბატონი ალექსანდრეს ცხოვრება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მასწავლებლის საქმე არის ყველაზე ძნელი, ამასთანავე ყველაზე დიდი საქმე, რომელსაც შეიძლება მთელი ცხოვრება უანგაროდ მიუძღვნა.