ინტერაქტიური დაფა, Smart Board

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებულ საინოვაციო ცენტრში, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებელთათვის სემინარი გაიმართა.

საინოვაციო ცენტრში, რომელიც სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სააგენტოს ინიციატივით 2010 წლის ივნისში გაიხსნა, მასწავლებელთა გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ცენტრი მომავლის საკლასო ოთახის მოდელს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილი უახლესი ტექნიკის ნიმუშები (ინტერაქტიული ელექტრონული დაფა, კომპიუტერები, ლეპტოპები, პროექტორები, HP-ის წარმოების ტექნიკა) სამინისტროს კომპანიამ იუ-ჯი-თი (UGT) მიაწოდა.

პედაგოგები სამუშაო შეხვედრებზე ქართულენოვან სასწავლო რესურსებსა და ინტერაქტიურ დაფასთან მუშაობის პრინციპებს ეცნობიან, განიხილავენ სასწავლო პროცესში მისი გამოყენების შესაძლებლობებს. მომავალი კვირიდან კი, მასწავლებლები სამინისტროში თავად ჩაატარებენ გაკვეთილებს Smart Board-ის გამოყენებით.

ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ევროპისა და ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში დაფას წარმატებით იყენებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ Smart Board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.

დაფას უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.

მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

წყარო:სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
http://www.esida.ge/